ასოციაციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული 4 ახალი VASP შეუერთდა
2026 წლის 27 მაისს ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციამ (FITA) ახალი წევრები მიიღო. ასოციაციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ოთხი ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი (VASP) – Coinero, Stellex, Bitcasa და Werty შეუერთდა.
ახალი წევრების მიერთება FITA-ს მისიის – უსაფრთხო, გამჭვირვალე და მაღალტექნოლოგიური გარემოს შექმნა ციფრული ფინანსებისთვის – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასოციაციის გაფართოება ადასტურებს, რომ საქართველოს კრიპტო და ბლოკჩეინ ეკოსისტემაში მოქმედი კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ ინდუსტრიული თანამშრომლობისა და ერთიანი ხმის მნიშვნელობას.
FITA-ს დირექტორის, გვანცას მეუნარგიას განცხადებით:
„ყოველი ახალი წევრის შეერთება აძლიერებს ასოციაციას და, რაც მთავარია, მთელ ინდუსტრიას. Coinero-ს, Stellex-ის, Bitcasa-სა და Werty-ს მიერთება ნიშნავს, რომ ერთიანი ძალისხმევით უფრო ეფექტიანად შევძლებთ ინდუსტრიის გამოწვევებთან გამკლავებას, რეგულაციურ დიალოგში მონაწილეობას და საქართველოში ფინანსური ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას.”
ოთხივე ახალი წევრი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული VASP-ია, რაც მათი ფინანსური სანდოობისა და მარეგულირებელ სტანდარტებთან შესაბამისობის დასტურია.
გაფართოებული წევრობით FITA კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება:
– პოლიტიკის ფორმირების პროცესში;
– რეგულაციურ დიალოგში;
– AML და შესაბამისობის სტანდარტების განვითარებაში;
– განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაში.
FITA მოუწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ ყველა VASP-ს, შეუერთდნენ ასოციაციას და ერთობლივად იმუშაონ ინდუსტრიის განვითარებისა და საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის.
დაკავშირება: fita.ge